სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

როდის აქვს კონფლიქტს დადებითი შედეგი და როდის უნდა ჩაერიოს კონფლიქტში მესამე პირი

 

კონფლიქტი ყოველი ჩვენგანის თანამდევია, რადგან ყველაზე უკონფლიქტო ადამიანიც კი შესაძლოა, აღმოჩნდეს კონფლიქტური სიტუაციის მსხვერპლი, თუმცა კონფლიქტი ყოველთვის არ ნიშნავს ნეგატიურს და შესაძლოა, მას დადებითი შედეგიც ჰქონდეს. არსებობენ თუ არა კონფლიქტური ადამიანები, რაში ეხმარება ადამიანს კონფლიქტი და როდის უნდა ჩაერიოს კონფლიქტში მესამე პირი, ამ საკითხებზე გვესაუბრება „ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი, ფსიქოლოგი თეონა ლომთაძე:

 

– კონფლიქტის ბევრი განმარტება არსებობს. საერთოდ, მეცნიერება კონფლიქტის შესახებ ძალიან ახალგაზრდა მეცნიერებაა, რადგან ის ძალიან აქტუალურია დღეს. კონფლიქტი არის ინტერესთა და პოზიციათა დაპირისპირება, რომელიც მიმდინარეობს ცნობიერად ან არაცნობიერად ურთიერთობების სხვადასხვა დონეზე. ახასიათებს დამახინჯებული კომუნიკაცია და აქვს პოზიტიური მხარეც. უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად კონფლიქტში ჩადებულია ინტერესთა, პოზიციათა სხვაობა და ამ კონფლიქტში ჩართული ორი ან რამდენიმე მხარე, ფაქტობრივად, ცდილობს, თავისი პოზიციების გამყარებას, ან თავისი პოზიციების მართებულობის დამტკიცებას მეორე მხარის მიმართ. შესაძლოა, კონფლიქტის მიმდინარეობას მხარეებისთვის ჰქონდეს ფარული, გაუცნობიერებელი ფორმა ან შესაბამისად, შესაძლოა, კონფლიქტი მიმდინარეობდეს სავსებით გაცნობიერებულად, ხდებოდეს მისი განვითარება და ძალმომრეობამდე მისვლაც კი.

– არსებობენ თუ არა ბუნებით კონფლიქტური ადამიანები, რომლებიც იწვევენ კონფლიქტებს?

– მოგეხსენებათ, ადამიანების განსხვავებული ტიპები არსებობს. ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს ემოციების მკვეთრი გამოხატულება და პირიქით, ანუ არიან ფეთქებადი ხასიათის ადამიანები და ნაკლებად ფეთქებადი. ზოგადად, ადამიანის ბუნება, პიროვნული თავისებურებები, მისი ინტელექტის კოეფიციენტი, გარემო, რომელშიც აღიზარდა და ურთიერთობა აქვს, გარკვეულწილად განაპირობებს ისევე, როგორც სხვა საკითხებისადმი, კონფლიქტისადმი დამოკიდებულებას – კონფლიქტში შესვლის ინტენსივობას და ხარისხს. არსებობს ადამიანთა ტიპი, ვისთვისაც მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, კონფლიქტური სიტუაცია არის ძალიან ჩვეულებრივი და ბუნებრივი.

 

– არიან ადამიანები, რომლებიც კონფლიქტის შემდეგ ძალიან ცუდად გრძნობენ თავს, ზოგიერთები კი, პირიქით, კონფლიქტის შემდეგ ენერგიულები ხდებიან.

 

– უნდა ითქვას, რომ გარკვეული დაავადებები – ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური – შესაძლოა ხასიათდებოდეს გაღიზიანებადობის ამაღლებით, ნერვული დაძაბულობით, რაც კონფლიქტური სიტუაციების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. ზოგადად კი, კონფლიქტური სიტუაცია ყველა ადამიანის ცხოვრების თანმხლებია, მაგრამ გააჩნია, რა ტიპის კონფლიქტია, როგორ ეკიდება ამას როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე და როგორ გამოსავალს ნახულობენ ისინი. საერთოდ, კონფლიქტები შეიძლება,ურთიერთობების სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობდეს: პიროვნულ, ჯგუფურ, სოციალურ, საერთაშორისო და გლობალურ დონეებზე. ანუ შეიძლება, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოჯახის წევრები, სხვადასხვა ჯგუფები, პოლიტიკური გაერთიანებები და სხვა. ანუ კონფლიქტი არ არის ერთი კონკრეტული სახისა და ტიპის. აქედან გამომდინარე, კონფლიქტის მართვის შესწავლა გულისხმობს კონფლიქტზე მუშაობას, როგორც პიროვნებათა შორის, ისე საზოგადოებრივ, სახელმწიფო და მსოფლიო დონეზე.


რა შემთხვევაში შეიძლება კონფლიქტებმა მოიტანოს პოზიტიური შედეგი?

– სანამ კონფლიქტის პოზიტიურ შედეგებზე ვისაუბრებდეთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ კომუნიკაციის როლს, რადგან, როგორც წესი, კონფლიქტი მიმდინარეობს დამახინჯებული კომუნიკაციის ფონზე. რაც შეეხება პოზიტიურ მხარეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კონფლიქტი, როგორც წესი, მეტ გარკვეულობას სძენს სიტუაციას. ის მნიშვნელოვანია თვითგამორკვევისთვის, ანუ საკუთარი პოზიციის, შეხედულების ფორმირებისთვის. კომუნიკაცია ის მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომლის სწორად ცოდნის შემთხვევაში, შესაძლოა, სიტუაცია კონფლიქტამდე არც მივიდეს. ხოლო გარკვეული მექანიზმების სწორად ცოდნის დროს, შესაძლოა, ადამიანმა არ მოახდინოს კონფლიქტის ესკალაცია, განვითარება. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, კონფლიქტი ხშირად ეხმარება ადამიანს, რომ საკუთარი ინტერესები, მოთხოვნილებები, პოზიციები გააცნობიეროს.

როდესაც ორ ადამიანს შორის კონფლიქტი მიმდინარეობს, რა როლი ენიჭება მესამის ჩარევას?

– გააჩნია კონფლიქტის სახეს და ტიპს. მაგალითად, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კონფლიქტის სახე, როგორიც არის ინფორმაციასთან დაკავშირებული კონფლიქტი, ანუ როდესაც დამახინჯებული ინფორმაციის, მაგალითად, ჭორის საფუძველზე ადამიანებს შორის წარმოიქმნება კონფლიქტური სიტუაცია. ამ შემთხვევაში, თუკი მესამე ადამიანი ფლობს რეალურად არსებულ ინფორმაციას, რომლის დამახინჯებამაც წარმოშვა კონფლიქტი და სიტუაცია არ არის მეტისმეტად გამწვავებული, მაშინ ამ მესამე ადამიანს შეუძლია, ეს კონფლიქტი ჩააცხროს. ასეთ დროს მესამე ადამიანის ჩარევა დადებითი შედეგის მომტანია, მაგრამ არის კონფლიქტები, სადაც მესამე პირი პირიქით, უფრო გაამწვავებს სიტუაციას.

– თუ შეიძლება, შევეხოთ კონკრეტულად ოჯახურ კონფლიქტებს, რადგან თუ ადამიანს ოჯახში აქვს კონფლიქტი, მას, ალბათ, ოჯახს გარეთაც უჭირს ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება ადამიანებთან.

– ოჯახურ კონფლიქტს რაც შეეხება, აუცილებელია, ყველა ადამიანმა გააცნობიეროს, რა არის კონფლიქტი და როგორია მისი ბუნება, რათა თვით ყველაზე მწვავე სიტუაციაშიც კი შეეცადოს საკუთარ ქცევას გაუკეთოს ანალიზი. ასევე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ კონფლიქტს აქვს პოზიტიური მხარეც და ეს არ ნიშნავს დასასრულს, კონფლიქტის შემდეგ ურთიერთობის გაგრძელება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს ხანდახან უკეთესი ურთიერთობაც აქვთ ერთმანეთთან. ხშირად კონფლიქტს აღრმავებს ერთი მომენტი: ბევრს აქვს იმის შიში, რომ არ მოხდეს კონფლიქტი, ან შიში, როგორ შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეს გარკვეულ საკითხზე განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანთან, თუნდაც ეს იყოს მისი ოჯახის წევრი. ამ შიშის გამო ადამიანი აგებს გარკვეულ კომბინაციებს, თუ როგორი საშინელი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს მეორე ადამიანს. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ჩვეულებრივი საკითხი იქცევა ხოლმე პრობლემად. მაგალითად, ოჯახში ერთ მეუღლეს ხშირად უჭირს გარკვეული ინფორმაციის გაცვლა თავის მეუღლესთან იმის გამო, რომ მას წინასწარ აქვს განწყობა, რადგან ის არის განსხვავებული შეხედულებების მქონე გარკვეულ საკითხში, ამიტომ აუცილებლად იქონიებს უმძაფრეს რეაქციას. ამის შედეგად, რეალურად სიტუაცია ძალიან იძაბება. მაშინ, როდესაც ჯანსაღი კომუნიკაციის საფუძველზე, შეხედულებათა გაზიარების შედეგად, სათანადო კომუნიკაციის ფორმის და დროის შერჩევის შემდეგ, შესაძლოა, კონფლიქტი სულაც არ წარმოიშვას. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს საკუთარი სურვილების, შეხედულებების, ღირებულებების გამომჟღავნების არააგრესიული ფორმით. რადგან გაქცევა ვერ აგვარიდებს კონფლიქტურ სიტუაციას.

– როდის არიან ბავშვები კონფლიქტურები?

– ამის არაერთი მიზეზი არსებობს: ერთი ის არის, რომ შესაძლოა, ის უყურებს კონფლიქტს ოჯახში; მეორე – შეიძლება მის მიმართ ნაკლებად ჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ; მესამე – შეიძლება მას აქვს გარკვეული ფსიქიკური ან ფიზიოლოგიური ტიპის დარღვევა და აქედან გამომდინარე, უწინარესად, მშობელმა უნდა გაარკვიოს მიზეზი, რატომ არის ბავშვი კონფლიქტური, რადგან ბავშვის პრობლემა აუცილებლად უფროსების პრობლემასთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, როდესაც ბავშვი არის კონფლიქტური, უნდა გაირკვეს, როგორ პირობებში იზრდება ის და ასევე, როგორია მისი ზოგადი სამედიცინო სურათი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player