სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნაღველკენჭოვანი დაავადება ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭების არსებობას გულისხმობს. მუცლის ღრუს ორგანოებს შორის ის ერთ-ერთი ხშირი დაავადებაა.

 

 

ნაღვლის ბუშტის კენჭი ვითარდება ყველა ასაკში, თუმცა ბავშვებსა და მოზარდებში ის იშვიათია. ასაკის მატებასთან ერთად დაავადების სიხშირე მატულობს. ნაღველკენჭოვანი დაავადება უფრო ხშირად ქალებს უჩნდებათ.

 

ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭის განვითარებაში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს. მათ შორის მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის, განსაკუთრებით ცხიმოვანი ცვლის მოშლა, ნაღვლის შეგუბება, მისი ინფიცირება და მრავალი სხვა. ნაღვლის კენჭების ჩამოყალიბებაში, ასევე, მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორებს, ცხოვრების პირობებს, კვებას. კენჭის გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის, ასევე, აღინიშნება ასაკი, სიმსუქნე, მუცლის შებერილობა, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივად მიღება, ზოგიერთი სახის ოპერაციული ჩარევა კუჭსა და ნაწლავებზე, დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული ანთება, ღვიძლის ციროზი, უმოძრაობა. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება კვების თავისებურებას.

 

საკვები პროდუქტებიდან კენჭის გაჩენის ხელშემწყობად მიიჩნევენ ცხიმს, კვერცხის გულს, ცხვრის ხორცს, საქონლის ტვინს, ღვიძლს, ყვავილოვან კომბოსტოს. რა გასაკვირიც უნდა იყოს, ნაღვლის ბუშტში კენჭის გაჩენას, ასევე, ხელს უწყობს წონაში სწრაფი დაკლება და ხანგრძლივად შიმშილი. ამ დროს ნაღვლის ბუშტის შეკუმშვათა შემცირება ხდება, რაც ნაღვლის შეგუბებას იწვევს, ეს უკანასკნელი კი კენჭის გაჩენის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნაღვლის ბუშტში გაჩენილი კენჭი ყოველთვის არ იძლევა კლინიკურ გამოვლინებას. კენჭი შეიძლება ათეული წელი იყოს ნაღვლის ბუშტში, ავადმყოფს კი არანაირი ჩივილი არ ჰქონდეს. ავადმყოფთა მეორე ნახევარში ნაღველკენჭოვანი დაავადება მრავალფეროვნებით ხასიათდება და განსხვავებულ კლინიკურ სურათს იძლევა. ავადმყოფთა ერთი ნაწილი მარჯვენა ფერდქვეშა არესა და მუცლის ზედა ნახევარში სიმძიმის შეგრძნებას, გულისრევას, გულძმარვას, ბოყინს, მუცლის შებერვას, ფაღარათს უჩივის. ეს მოვლენები დროდადრო ძლიერდება, რაც დიეტის დარღვევასთან არის დაკავშირებული. ავადმყოფთა მეორე ნაწილს კი მუცლის ზედა არეში მუდმივი ყრუ ხასიათის ტკივილი, საერთო სისუსტე, მოთენთილობა და პირის ღრუში მწარე გემო აწუხებს. უმეტეს შემთხვევაში კი, ნაღველკენჭოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელია მარჯვენა ფერდქვეშა არეში ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილი.

 

ნაღველკენჭოვანი ჭვალი შეიძლება, სრულიად უმიზეზოდ დაიწყოს ან მას წინ უსწრებდეს დიეტისდარღვევა, ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლის მიღება, ფიზიკური გადატვირთვა, ფსიქოემოციური დაძაბულობა და სხვა. ტკივილს ხშირი პირღებინება, მუცლის შებერილობა ერთვის თან. ტკივილი ხშირად მარჯვენა მხარეში, ბეჭში, ზოგჯერ გულის არეში გადაიცემა. მაჯისცემა ხშირდება. ნაღველკენჭოვან დავადებას არაერთი მძიმე, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში, გართულება ახასიათებს. ყველაზე ხშირი გართულება კი ნაღვლის ბუშტის ანთება, ნუ ქოლეცისტიტია. ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთება შესაძლოა, მუცლის ფარის ანთების მიზეზი გახდეს. ნაღვლის ბუშტიდან პატარა ზომის კენჭი შეიძლება, ნაღვლის საერთო სადინარში გადავარდეს, დაახშოს ის და სადინარის ჩირქოვანი ანთება, ღვიძლის მრავლობითი ჩირქგროვა განავითაროს. ამ დროს ოპერაცია აუცილებელია. ნაღველკენჭოვანი დაავადების შედეგად ნაღვლის ბუშტის კიბოც კი შეიძლება ჩამოყალიბდეს. კენჭების გაჩენის პროფილაქტიკა მდგომარეობს მის ხელშემწყობ დაავადებასთან და პირობებთან ბრძოლაში. ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩამოყალიბების ხელშემწყობი პირობები რომ შეამციროთ, ამისთვის უნდა მოერიდოთ მაღალკალორიული და ცხიმიანი საკვების მიღებას; მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება; ებრძოლოთ უმოქმედობას და მიირთვათ დღეში 4-ჯერ მცირე ულუფებით.

 

მასალა მოგვაწოდა

ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
"თბილისელები"-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player