სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გულსისხლძარღვთა დაავდებები გავრცელების, ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილობის მხრივ დღეს მსოფლიოში პირველ ადგილზეა და თანამედროვე მედიცინის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. გულსისხლძარღვთა დაავადებების ერთერთი ყველაზე საშიში გამოვლინება მიოკარდიუმის ინფარქტია. "მიო" კუნთს ნიშნავს, "კარდიო" - გულს, ხოლო "ინფარქტი" არის ქსოვილის კვდომა ჟანგბადის ნაკლებობის გამო.



ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას, გულის კუნთსაც გამუდმებით სჭირდება ჟანგბადი. გულის კუნთს სისხლით კორონარული (გვირგვინოვანი) არტერიები ამარაგებს. როდესაც კორონარულ არტერიებში რაიმე მიზეზით სისხლის მიმოქცევა წყდება, პაციენტს ეწყება ძლიერი ტკივილი ან სხვადასხვა სახის დისკომფორტი გულის არეში. ამ მდგომარეობას უცხოურ ლიტერატურაში პოპულარული ენით გულის შეტევას უწოდებენ. თუ ეს მდგომარეობა ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და გულის მკვებავ კორონარულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა არ აღდგა, ჟანგბადის მწვავე ნაკლებობის გამო, გულის კუნთის უჯრედები იღუპებიან და გულის კუნთში ნაწიბური წარმოიქმნება, რომელიც არა კუნთოვანი, არამედ შემაერთებელქსოვილოვანი აგებულებისაა-ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი თუ გულის კუნთის სისხლით მომარაგება დროულად აღდგა, დაზიანება (ინფარქტის ზომა) შესაძლოა მინიმალური იყოს ან საერთოდ ავიცილოთ თავიდან.



წლების წინათ მიოკარდიუმის ინფარქტი ხშირად სრულდებოდა სიკვდილით. დღეს, მკურნალობის გაუმჯობესებული მეთოდებისა და გულის შეტევის სიმპტომთა მნიშვნელობის განმარტების წყალობით, პაციენტთა უმრავლესობა გულის შეტევის შემდეგ სიცოცხლეს ინარჩუნებს. ცხოვრების წესს - კვების ხასიათს, ფიზიკური ვარჯიშის ინტენსივობას, სტრესულ ფაქტორებს - დიდი მნიშვნელობა აქვს გულის შეტევის შემდეგ პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის.

 

გულის შეტევის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

 

მოჭერის, ზეწოლის ან შებოჭვის შეგრძნება და ტკივილი მკერდის ძვლის უკან
ტკივილი, რომელიც გულმკერდიდან ვრცელდება ბეჭების, მხრების, ზურგის, ზოგ შემთხვევაში - ქვედა ყბისა და კბილებისკენ;
უეცარი ქოშინი;
აღსანიშნავია, რომ პაციენტთა გარკვეულ კონტიგენტში, (მაგ. დიაბეტიანებში) გულის შეტევა შესაძლოა განსხვავებული სიმპტომებით ან საერთოდ უსიმპტომოდ წარიმართოს. ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების გარდა, შესაძლოა იყოს:

 

მუცლის ტკივილი ან გულძმარვა;
ცივი ოფლი;
თავბრუხვევა;
უჩვეულო და ერთი შეხედვით უმიზეზო სისუსტე.



როგორც წესი პირველი გულის შეტევა ფიზიკურ ან ძლიერ ემოციურ დატვირთვაზე ვითარდება ყოველთვის უნდა გამახვილდეს ყურადღება ნებისმიერ დისკომფორტზე გულის არეში, რომელიც ფიზიკური ან ემოციური დაძაბვისას აღმოცენდება, ხოლო მოსვენებისას მცირდება.

 

გულის შეტევის დროს ბევრი კარგავს ძვირფას დროს, რადგან ვერ აცნობიერებს სიმპტომების მნიშვნელობას ან არ მიმართავს ექიმს, რათა თავიდან აიცილოს "ფუჭი" ვიზიტი. სინამდვილეში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც ზრდის გადარჩენის შანსს, არის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დროულად მისვლა. დადგენილია, რომ გულის შეტევის დროს გარდაცვლილთა დაახლოებით ნახევარი შეტევის დაწყებიდან პირველ საათში კვდება. ნუ დატოვებთ გულის შეტევის სიმპტომებს უყურადღებოდ, მით უფრო, თუ მათი ხანგრძლივობა 5 წუთს აღემატება. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან მიმართეთ უახლოეს კარდიოლოგიურ კლინიკას. დროს ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველი წამი ზრდის დაზიანებული და მკვდარი უჯრედების რაოდენობას, ხოლო თანამედროვე სამკურნალო საშუალებების დროული გამოყენებით შესაძლებელია ზიანის მინიმუმამდე დაყვანა ან თავიდან აცილება.

 

არასოდეს არის გვიანი იმ ღონისძიებების დაწყება, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გულის შეტევის თავიდან აცილება. პროფილაქტიკა აუცილებელია მაშინაც, როცა პაციენტს შეტევა ერთხელ უკვე ჰქონდა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს:
ჯანსაღი კვების წესს.

 

რეგულარულ, ზომიერ, ფიზიკურ ვარჯიშს.
სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნებას
ალკოჰოლიანი სასმელები ზომიერი რაოდენობით.
მწეველებში თამბაქოს მოწევის შეწყვეტას.
სისხლში ქოლესტეროლის დონის კონტროლს.
სისხლის არტერიული წნევის კონტროლს.
დიაბეტიანებში, რეგულარულად, სისხლში გლუკოზის შემცველობის კონტროლს.


მასალა მოგვაწოდა::
ზურაბ კლიმიაშვილი,
კარდიოლოგიური კლინიკა “გული”, დირექტორის მოადგილე
877 477379, სამსახური 770740

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player